საქართველო გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალურ კვირეულს შეუერთდა. კვირეულის გზავნილია “გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე!”.

კვირეულის აღსანიშნავ კონფერენციაში, რომელიც სასტუმრო “რადისონში” გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ნილ სკოტმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო სექტორმა.

შეხვედრის მიზანი იყო, საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა. 8-14 მაისის კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიება იგეგმება.

საგზაო უსაფრთხოების კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და მისი მიზანია, მძღოლების ინფორმირება, რომ მაღალი სიჩქარით გადაადგილება განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისთვის და ზრდის როგორც ავტოავარიის, ასევე მძიმე დაზიანებებისა და დაღუპვის რისკს.