22 სექტემბერს, ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში, ორგანიზაციამ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტის მხარდაჭერითა (ACCESS) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით სომბოლური ველოგარბენი გამართა.

ველოგარბენმა სტარტი აიღო ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან და გარბენი დასრულდა პირველი რესპუბლიკის მოედანზე. გარბენის დასრულებისას საჯარო პირებმა სიტყვით მიმართეს აქციის მონაწილეებს.

“საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წელს დაარსდა ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ იგი აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საერთაშორისო თარიღი მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას.

დღის მთავარი მოწოდებაა – მოქალაქეებმა ერთი დღით თავი შეიკავონ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდნენ ფეხით ან გამოიყენონ ალტერნატიული და ჯანსაღი ტრანსპორტი – ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან იარონ ფეხით.