არასამთავრობო ორგანიზაციები – ვიმედოვნებთ, რომ ტელე-გადაცემებშიც მეტი ყურადღება დაეთმობა საგზაო წესების დაცვასა და მათ პოპულარიზაციას

საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან საპატრულო პოლიციის სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას სატელევიზიო ეთერში გასული გადაცემის დროს დაფიქსირებული საგზაო დარღვევის გამო. ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ამავდროულად, მოვუწოდებთ მგზავრებს, გაიაზრონ თავიანთი, როგორც საგზაო მოძრაობის მონაწილის როლი და პასუხისმგებლობა და დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები, რათა მათი უკანონო ქმედებით ზიანი არ მიადგეს მძღოლს თუ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეს. იმედს ვიტოვებთ, რომ ტელე-გადაცემებშიც მეტი ყურადღება დაეთმობა საგზაო წესების დაცვასა და მათ პოპულარიზაციას“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს, სატელევიზიო ეთერში მუსიკალური რუბრიკა „მოძრავი კარაოკე“ გავიდა, რომელშიც მონაწილე გია გაჩეჩილაძეს (უცნობს) ავტომობილით მგზავრობისას არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი და წინა სავარძელზე კალთაში ჩასმული ჰყავდა მცირეწლოვანი ბავშვი.