„გამართე ან გამორთე“ – ამ სახელწოდების სოციალური კამპანიის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თბილისში ჰაერის ხარისხის მაჩვენებლის შედეგების პრეზენტაცია გამართა.

კვლევამ აჩვენა, რომ 2018 წელთან შედარებით (იანვარ-მარტი) 2019 წელს თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესებულია. მათივე ინფორმაციით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ატმოსფერულ ჰაერში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ისეთი დამაბინძურებლებია დაფიქსირებული, როგორიცაა აზოტის დიოქსიდი – NO2, მიკრონაწილაკები PM2.5 და PM10.

კვლევის თანახმად, საქართველოში ავტოპარკის 90% მოძველებულია. 2020 წელს ავტოტრანსპორტისთვის სავალდებულო ხდება კატალიზატორები, მაგრამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ მაისში წარდგენილი კვლევის თანახმად, აღნიშნული რეფორმა საფრთხის წინაშე დგას.

კვლევა ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის“ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჩატარდა.