საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების საჭიროების ჩვენების მიზნით, პარლამენტის წინ ღონისძიება გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საზოგადოებას საბავშვო სავარძლის გამოყენების წესები გააცნეს და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის თქმით, კანონპროექტი საშუალებას იძლევა ბავშვები ავტოსაგზაო შემთხვევების დროს უფრო მეტად დაცულები იყვნენ.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დღეს იწყება. კანონპროექტი პარლამენტს ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ წარუდგინეს, რომლის მიხედვით, საბავშვო სავარძლების გამოყენება მანქანებში სავალდებულო უნდა გახდეს. კანონპროექტის მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას უნდა გამოიყენონ სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას. რეგულაციები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.