საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ფარგლებში, სპეციალური შეხვედრა გაიმართა.

“საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმა საქართველოში – შედეგები და განვითარების პერსპექტივები“ – ასეთი იყო ღონისძიების თემა, რომლის მიზანი იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმის შედეგების გაანალიზება და საგზაო უსაფრთხოების არსებული ვითარების შეფასება.

შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) და საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის ერთობლივი ორგანიზებით, გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პროექტი – “საბავშვო სამგზავრო სავარძლები ბავშვების სიცოცხლის დასაცავად“.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმის შედეგების ანგარიში მარტის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა წარადგინა.

საბავშვო სამგზავრო სავარძლების შესახებ ისაუბრა “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკატერინე ლალიაშვილმა. საგზაო უსაფრთხოების არსებულ ვითარება შეაფასა გაეროს ექსპერტმა ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავამ.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების, აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები.