2019 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოს გზებზე 22 ადამიანით მეტია დაღუპული, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლალიაშვილის თქმით, 2019 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ საგზაო უსაფრთხოების კუთხით ვითარება გაუარესებულია.

საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა. ორგანიზაციის ცნობით, 2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა (22 ადამიანით მეტი დაიღუპა), ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულობა კი 12 %-ით შემცირდა.
“საუბარს დავიწყებ გუშინდელი ამბით. ვიზიარებ მწუხარებას მომხდარის გამო, პრაქტიკულად ერთი ოჯახი განადგურდა. ეს უნდა იყოს ძალიან საყურადღებო და განგაშის ზარების შემომკვრელი ხელისუფლებისთვის. იმიტომ, რომ შემთხვევით ასეთი საგზაო შემთხვევები არ ხდება. შესაძლოა, მოხდეს ავარია, მოხდეს ჯანმრთელობის დაიზანება, მაგრამ ეს ფატალურ შედეგამდე არ მივიდეს. როდესაც ერთ საგზაო შემთხვევაში რამდენიმე პირი იღუპება, ოჯახები წყდება, ეს სერიოზული გამოკვლევის, გამოძიების საგანი უნდა გახდეს, თუ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება – ამ ჭრილში უნდა ვიმსჯელოთ.

ვფიქრობ, გუშინდელი ავტოსგზაო შემთხვევის თავიდან აცილება, დიდი ალბათობით, შესაძლებელი იყო. მეც მომიწია იმ გზაზე გავლა სწორედ იმ პერიოდში, გზა იყო აბსოლუტურად მშრალი, არ იყო მოყინული, სავალ ნაწილზე არ იყო თოვლის საფარი. ჩემი ვარაუდით, იქ რკინის ბარიერი რომ ყოფილიყო, შესაძლებელი იქნებოდა ავტომობილი არ გადავარდნილიყო მდინარეში. ზოგჯერ მცირე ჩარევებიც კი დიდი შედეგების მომტანია. მნიშვნელოვანია, რომ ეს შემთხვევა დეტალურად იქნას შესწავლილი.

ვიცით, რომ 2019 წელს სტატისტიკა გაუარესებულია. წინა წელთან შედარებით 22 ადამიანით მეტია დაღუპული საქართველოს გზებზე. მიუხედავად იმისა, რომ თავად ავტოავარიები და დაშავებულთა რიცხვი არის შემცირებული დაახლოებით 10 %-ით, მაინც ვფიქრობთ რომ ეს შედეგი, რაც დადგა 2019-ში, არის ვითარების გაუარესება“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო შემთხვევების კონკრეტულად შესწავლა მოხდეს, საუბარია იმ ფაქტორების გამოკვლევაზე, თუ რის გამო ხდება ავტოავარიები.

„ჩვენ ვერ ვხედავთ ქვეყანაში მიმდინარეობდეს რაიმე კონკრეტული და მიზანმიმართული ქმედებები, რაც შეამცირებს ავტოავარიებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ყოველწლიურად მოსალოდნელია კვლავ გაუარესდეს ვითარება გზებზე. ამას ვსაუბრობთ იმიტომ, რომ გვინდა, ხელისუფლებამ მეტი ყურადღება მიაქციოს იმ მიმართულებებს, რაც იწვევს გზებზე სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ დაახლოებით 5 წლის გამოცდილება გვაქს იმისა, როცა შეიქმნა საკოორდინაციო რგოლი, რომელიც წესით უნდა იყოს პასუხისმგებელი საგზაო შემთხვევის შემცირებაზე ქვეყანაში. ამ 5-წლიანმა გამოცდილებამ, იმ სტრატეგიამ, თუ სამოქმედო გეგმამ, რომელიც ამ საკითხზე გვქონდა შემუშავებული ეკონომიკის სამინისტროს მიერ, პრაქტიკულად დადებითი შედეგი ვერ მოგვცა. ანუ გვაქვს წლები, როცა დაღუპულთა რაოდენობა კლებადია, მაგრამ ზრდა არის დაშავებულთა და ავარიების რიცხვისა და არის პირიქით, როცა ეს მონაცმებები მერყეობს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე დადგა დრო, როდესაც უნდა დაფიქრდეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება და შექმნას ის წამყვანი უწყება, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა იმ ფუნქციით და ექნება ის უფლებამოსილება, რაც ევროპულ ქვეყნებშია. ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ყოველწლიურად ფატალური შემთხვევების შემცირების კუთხით პროგრესს აღწევენ.
როცა ვსაუბრობთ საგზაო უსაფრთხოების ამაღლებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო შემთხვევების კონკრეტულად შესწავლა მოხდეს, საუბარია იმ ფაქტორებზე, თუ რის გამო ხდება ავტოავარიები. დღეს გვაქვს ძალიან სამწუხარო რეალობა, საგზაო შემთხვევის მოხდენისას მხოლოდ 18 მიზეზს ვიკვლევთ და ყველა მათგანი ადამიანური ფაქტორებითაა გამოწვეული , მაშინ როდესაც გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელიცაა ინფრასტრუქტურის გაუმართაობა , თუ ტრანსპორტის მგომარეობა. ასეთ შემთხვევაში ვერ გვეცოდინება სრული სურათი, თუ რასთან გვაქვს საქმე.
დღეს თუ ჩაიხედავთ ამ 18 ფაქტორში, აქ არის: სიჩქარის გადაჭარბება, მანევრირების წესების დარღვევა, საპირისპირო ზოლში გადასვლა, ნასვამ მდგომარეობაში მართვა და ა.შ“, – განაცხადა ლალიაშვილმა.

წყარო: http://kvira.ge/ეკა_ლალიაშვილი