2019 წლის 6 მაისს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსის უსაფრთხო გზებისთვის“ პარტნიორობით გაიმართა

გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიება

პრესკონფერენციას დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ქალაქ თბილისის მერიის ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სსიპ საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსის უსაფრთხო გზებისთვის“ და სხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ყოველწლიურად მსოფლიოში ავტოსაგზაო შემთხვევებით 1.35 მილიონი ადამიანი იღუპება და 50 მილიონზე მეტი ზიანდება და შრომისუუნარო ხდება. საგზაო შემთხვევებით განპირობებული ლეტალობა 5–29 წლის ასაკის პოპულაციაში სიკვდილიანობის წამყვანი და გლობალურ სიკვდილიანობაში მერვე ძირითადი მიზეზია.

საქართველოში ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 500-მდე ადამიანი იღუპება და 9000-ზე მეტი ზიანდება. საქართველოს გზებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებელი გაცილებით აღემატება ევროპის რიგი ქვეყნების მონაცემებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2018 წელს საქართველოში 6,452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 459 ადამიანი, ხოლო 9,047 დაშავდა. მართალია, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზით დაღუპულთა რაოდენობა შემცირდა 11%-ით, მაგრამ 6%-ით იმატა ავტოავარიების რაოდენობამ და 7%-ით დაშავებულთა რიცხვმა. რაც შეეხება დედაქალაქს – თბილისში წინა წელთან შედარებით სამივე მაჩვენებელი გაზრდილია: საგზაო შემთხვევები 7%-ით, დაშავებულები 7%-ით, დაღუპულები 4%-ით.

კვირეულის სლოგანია – „ხმა აიმაღლე, გაუფრთხილდი სიცოცხლეს“, ხოლო თემა – „ლიდერობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ – გულისხმობს საჯარო, სამოქალაქო თუ კერძო სექტორების ლიდერობითა და გაერთიანებული ძალისხმევით ქვეყანაში გზებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ღონისძიებაზე განხილულ იქნა: უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო ტრანსპორტი და ადამიანის უსაფრთხო/კანონმორჩილი ქცევა, სამედიცინო დახმარება, აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფოს მიმდინარე და სამომავლო გეგმები, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქვეყანა და შედეგის მისაღებად რა მხარდაჭერა/რესურსია საჭირო.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია.