“ეს არის ფორმა, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაშია მიღებული და მაღალი სიზუსტით გვეუბნება, არის თუ არა ნარკოტიკული თრობის ქვეშ მძღოლი, თუმცა, როცა ასეთ სერიოზულ სასჯელთან გვაქვს საქმე, ამის გადამოწმება მოხდება კლინიკურად “, – ამის შესახებ ” საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სპეციალურ ტესტებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლითაც, დღეიდან, მძღოლებს ნარკოტიკულ სიმთვრალეზე შეამოწმებენ.
ლალიაშვილი ახალ რეგულაციებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც, დღეიდან, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება.
„საჭესთან მხოლოდ ფხიზლად – ეს არის მთავარი გზავნილი იმ კანონისა, რომელიც დღეს ძალაში შედის. უნდა გავითავისოთ და გავიაზროთ, რომ საჭესთან მხოლოდ ფხიზელ მდგომარეობაში, ფხიზელი გონებით უნდა დავსხდეთ იმიტომ, რომ ის ნივთიერებები, რომელთა ზემოქმედების ქვეშ შეიძლება ვიყოთ, შესაძლოა, ხელს უშლის ჩვენი კოორდინაციის, კონცენტრაციის უნარს; ასევე, რეაგირებას ანელებდეს. მეცნიერულადაც დამტკიცებულია, რომ ეს ნივთიერებები სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ქმედებაზე, მით უმეტეს, ავტომობილის მართვის უნარზე. ამ კატეგორიის მძღოლები არიან მაღალი რისკის კატეგორიის მძღოლები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ თავს, ასევე – სხვა პირებს. ყველამ უნდა გავიაზროთ და შევთანხმდეთ იმაზე, რომ საჭესთან მხოლოდ ფხიზლად უნდა დავსხდეთ.
რაც შეეხება ნარკოტესტებს – ასეთი მეთოდით შემოწმება, ვფიქრობ, მისასალმებელია გამომდინარე იქედან, რომ ძალიან სწრაფი და მარტივი მეთოდია, მოქალაქეებისთვისაც არ წარმოადგენს დისკომფორტს. ეს არის ფორმა, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაშია მიღებული და მაღალი სიზუსტით გვეუბნება, არის თუ არა ნარკოტიკული თრობის ქვეშ მძღოლი. თუმცა, როცა ასეთ სერიოზულ სასჯელთან გვაქვს საქმე, ამის გადამოწმება მოხდება კლინიკურად”, – განაცხადა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლებისთვის სანქციები უფრო მკაცრი უნდა იყოს.
„აქვე მინდა, ვთქვა – ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც, ბოლო პერიოდში, ამ კანონის პარალელურად ჩვენ ვსაუბრობთ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების მდგომაროებაზე, რამდენად ადეკვატურია სასჯელი. ამ კანონამდეც ,სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვაყენებდით ინიციატივას , როცა ქულათა სისტემა შევიდა ძალაში.  ვსაუბრობდით, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლისთვის უნდა იყოს უფრო მკაცრი სანქცი, ,ვიდრე არის. დღეს, თუ ასეთ მდგომარეობაშია მძღოლი, მას, 6 თვის შემდეგ, უმარტივესად შეუძლია, დაიბრუნოს მართვის მოწმობა. ამ მიდგომით ჩვენ, პრაქტიკულად, ვეუბნებით მძღოლებს: მერე რა, რომ ნასვამი ხარ, არ ხარ საშიში საზოგადოებისთვის, მეორე ნაწილი, რომელიც არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ ის უფრო საშიშია. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი გონება რისი ზემოქმედების ქვეშაა. მთავრია, რომ ის უნარები, რაზეც ვსაუბრობთ, შენელებული და შესუსტებულია.
თუ ევროპულ გამოცდილებსაც გადავხედავთ, დავინახავთ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლებისთვის არის საკმაოდ მკაცრი სანქციები , მაგრამ არანაკლებ მკაცრია იმ მძღოლებისთვის, ვისაც ნასვამობა უფიქსირდება. აქ მნიშვნელობა აქვს, რამდენი პრომილეა სისხლში ეთანოლი, რომლითაც თრობა გამოიწვევა. არ მოვითხოვთ იმას, რომ პირველივე ჯერზე, ან თუ მცირე დოზით ალკოჰოლი დაუფიქსირდება ადამიანს სისხლში , უნდა გავწიროთ თავისუფლების აღკვეთისთვის. მაგრამ უნდა იყოს ადეკვატური სანქცია იმისთვის, რომ, საბოლოოდ, ჩვენ მოვახდინოთ პრევენცია და საჭესთან მხოლოდ ფხიზელი მძღოლები გვყავდეს. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამასთან დაკავშირებით და გვაქვს მოლოდინი, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლებისთვის სანქციები კიდევ უფრო გამკაცრებული იქნება. თუნდაც, მეორე ჯერზე თუ შეიმჩნევა მძღოლი, რომ ის არის მიდრეკილი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მძღოლს უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ კანონი შესაბამისად უპასუხებს მის არასწორ ქცევას“, – განაცხადა ლალიაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
შსს-ის ცნობით, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან –თავისუფლების ერთ წლამდე აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
უწყების ცნობით, კანონის აღსრულების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებმა უკვე გაიარეს შესაბამისი გადამზადება. ამასთან, დეპარტამენტი სრულად აღჭურვილია პორტატული გერმანული ნარკოტესტერებით, რომლებიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.
კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, საპატრულო პოლიცია მძღოლს ნარკოტიკულ სიმთვრალეზე ნარკოტესტერით გადაამოწმებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირის შემოწმება დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში მოხდება. ნარკოტიკული ნივთიერების კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
თამუნა შეყილაძე

წყარო: www.city.kvira.ge