პირებს, რომლებიც მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას 1-ელი ივლისიდან ჩააბარებენ, შესაძლოა პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩაბარებაც მოუწიოთ.
ამის შესახებ “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია.
პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. კერძოდ, პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე (როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება) ჩატარდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე ჩატარდება.
„გამოცდების რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარება წარმოადგენს, როგორც დირექტივის იმპლემენტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს, ასევე საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ პრევენციულ ინსტრუმენტს, რათა შემცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და ამაღლდეს საგზაო უსაფრთხოების ცოდნის დონე.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ამჟამად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა სავალალოა. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და მისგან გამოწვეული შედეგების შემცირება და პრევენცია ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს,“-აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ამასთან, როგორც პროექტშია აღნიშნული, პირს, რომელიც დაშვებული იქნება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, აღნიშნული გამოცდის მიმდინარეობისას (ჩაბარებისას) უფლება ექნება მართოს სატრანსპორტო საშუალება. ამ პერიოდში მის მიმართ არ იქნება გამოყენებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ის შეზღუდვები და აკრძალვები, რომელიც ეხება მართვის უფლების არმქონე ან მართვის უფლება შეჩერებული/ჩამორთმეული პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვას.
ცნობისთვის, კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.