„ჭკვიანი კამერები“, რომლებიც საგზაო დარღვევებს აღნუსხავენ, უცხოურნომრიანი მანქანებისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ეს ძველი პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის მოქალაქეები მასობრივად დაიძვრნენ საქართველოსკენ და ლარსზე მანქანების რიგი რამდენიმე ათეულ კილომეტრზე გაიწელა. რატომ არ არის „ჭკვიანი კამერები“ საკმარისად ჭკვიანი რუსულენოვანი მანქანებისთვის? საგზაო უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ იმ მანქანის მფლობელი/მძღოლი, რომელსაც ქართული ნომრები არა აქვს (მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის მოქალაქეა), საგზაო წესების დარღვევისთვის ვერ დაჯარიმდება. „წლების წინაც ვლაპარაკობდი ამაზე, ეს მხოლოდ რუსულ მანქანებს არ ეხება, სხვა ქვეყნის სანომრე ნიშნებზეც იგივე ხდება. არ შეიძლება კანონი ერთს ეხებოდეს და მეორეს არა, ერთი ავტომობილი ორასით მიჰქროდეს და მეორე კანონს ემორჩილებოდეს. ეს მიუღებელია! აკრძალულია! არ შეიძლება! არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ასე არ ხდება, – ამბობს დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი, – კამერა ნომერს ვერ ცნობს, რადგან, ჩემი ვარაუდით, ეს ნომრები საინფორმაციო ბაზაში არ არის. ამიტომ როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე საზღვარს გადმოკვეთავს, მისი ავტომობილის ნომერიც უნდა შეიტანონ ბაზაში“. რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ „ჭკვიანი კამერები“ უცხოურნომრიანი ავტომანქანების დარღვევებს და მათ ნომრებს აფიქსირებენ, თუმცა პრობლემა სხვა რამეშია. „აფიქსირებს და აჯარიმებს, საუბარია აღსრულების მექანიზმის დახვეწაზე… როცა დაჯარიმება ხდება ვიდეოჯარიმით, ქვითარი უნდა გაიგზავნოს მის [მფლობელის] საცხოვრებელ მისამართზე. ეს ქმნის გარკვეულ სირთულეს“, – თქვა მინისტრის მოადგილემ და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ეძებს გზებს, როგორ გადაჭრას ეს პრობლემა. „რადგან განაცხადეს, რომ კამერები უცხო ნომრებს აღიქვამს, ვენდოთ და გავყვეთ ამ აზრს“, – ამბობს ეკა ლალიაშვილი, თავმჯდომარე ორგანიზაციისა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“. მისი თქმით, თუ პრობლემა არა კამერებში, არამედ აღსრულებაშია, შსს-მ აუცილებლად უნდა მოიფიქროს მექანიზმი, რომლითაც ამ საკითხს მოაგვარებს, – „სერიოზული გამოწვევაა. შსს-მ უნდა თქვას, რას აპირებს. კარგია, ხმამაღლა რომ ამბობს, რომ აღსრულების მექანიზმი არ არსებობს. საჭიროა სამოქმედო გეგმაც შეიმუშაოს. განსაზღვროს, რა რესურსი აქვს, ტექნიკურად თუ საკანონმდებლო კუთხით, სხვა უწყებებმაც განიხილონ. ათიათასობით მანქანაზეა საუბარი. ადრინდელზე ბევრად ხშირად გვხდება უცხო ნომრები. იმის თქმა, რომ ეს ხალხი შემოდის და მერე გადის, არგუმენტი არ არის. ხედავს ხალხი, რომ არღვევენ, ავტობუსის ზოლში გადადიან, წითელზე გადიან. ეს აჩენს უსამართლობის განცდას, შეიძლება ამის გამო კონფლიქტიც მოხდეს – თუ კანონი ვერ სცემს პასუხს, მოქალაქემ შეიძლება თავად გადაწყვიტოს პასუხის გაცემა“.