მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ გვირაბის გაფართოების პერსპექტივა მოკლევადიანად ვერ წარმომიდგენია, ეს უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს მოკლევადიან პერსპექტივაში ფიზიკურად ვერ მოხერხდება, რადგან ამას კვლევა, შესწავლა და განხორციელება სჭირდება. „სპეციალისტებმა გვირაბის გაფართოებაზე, როგორც ერთ-ერთ ვერსიაზე, შეიძლება ისაუბრონ და რა თქმა უნდა, ნამდვილად კარგი აზრია, რომ მუშაობა დაიწყოს, თუმცა ასევე რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ ეს დღეს და ხვალ ფიზიკურად ვერ მოხერხდება, ამას სჭირდება კვლევა, შესწავლა, განხორციელება და ეს განხორციელების ეტაპი მიგვიყვანს იქამდე, რომ „სადგურის მოედანი“ უნდა ჩაიკეტოს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, კარგი დასაწყისია, მაგრამ უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა არის. გრძელვადიან პერსპექტივაში მეტროს სადგურის გაფართოებაზე შეიძლება იყოს გარკვეული მონაცემები და შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რამდენად გაამართლებს, რამდენად არ გაამართლებს, იმ კუთხით, რომ მისი დაკეტვა კიდევ უარეს შედეგს გამოიწვევს. მეტროს გვირაბის გაფართოების პერსპექტივა მოკლევადიანად ვერ წარმომიდგენია. მოკლევადიანი არის საავტობუსო ზოლების სწრაფი ტემპებით დაგეგმვა და ამ დერეფნის ერთმანეთთან შეკავშირება, როგორც დაგეგმილია სატრანსპორტო პოლიტიკით,“ – აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მგზავრობები ისე დავგეგმოთ, რომ ყველა ერთად საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ მოვხვდეთ. „საზოგადოების მოთმინება და სოლიდარობა არანაკლებ მნიშვნელოვანია. დღეს სანამ გარდამავალი პერიოდი გვაქვს, გზით და ტრანსპორტით სარგებლობა ფუფუნება გახდა, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ სოლიდარულები, რომ ერთდროულად არ მოვხვდეთ არც მეტროში, არც ავტობუსში და არც გზაზე მანქანით,“ – აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა. შეგახსენებთ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ არსებულ 70 მეტრიან გვირაბში მგზავრთა გადასვლა ფიზიკურად შეუძლებელია და საჭიროა, არსებული გვირაბის გაგანიერებაზე მუშაობა დაიწყოს. კალაძემ ვიცე-მერს, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს დაავალა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყონ, რათა ეს ყველაფერი მოწესრიგდეს.