ასე აღიქმება, მაგრამ ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების საკითხი მხოლოდ შსს-ს ფუნქცია არ არის, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი დაგეგმვაა. ჩვენ გვაქვს მიმდინარე წლის საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მაგრამ ამ გეგმის ფარგლებში თავმოყრილია ის ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც ცალ-ცალკე აქვს ყველა უწყებას, იქნება ეს შსს, ეკონომიკის სამინისტრო, მერია, თუ სხვა. ამაში არ შედის რეგიონები, სადაც საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით მართლაც სავალალო ვითარებაა. აქ, თბილისში, ქალაქის მერი მაინც გვყავს აქტიური და მუდმივად გვესმის, რომ ინფრასტრუქტურულად რაღაცები კეთდება, რეგიონებში კი, მსგავსი არაფერი ისმის ზებრის დახაზვის, შშმ პირებისთვის გადასასვლელების მოწყობის, მონიშვნების და ა.შ. თვალსაზრისით“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანია მენეჯმენტი.

„ის ხელმძღვანელი უწყება უნდა იყოს ძლიერი, რომელიც ამ საკითხებს კოორდინაციას გაუწევს და მონიტორინგს გააკეთებს, თუ რა შედეგებს ვიღებთ არა მარტო წლის განმავლობაში, არამედ კვარტალურად. ამ ანალიზის შემდეგ საშუალება გვექნება ვიცოდეთ, რატომ მოიმატა საგზაო შემთხვევებმა, თუ მოიმატა და რა იყო მიზეზები. უწყებები მუდმივ კოორდინაციაში უნდა იყვნენ ერთმანეთთან, რომ არაფერი გაგვეპაროს, რადგან ეს ისეთი სფეროა, რომლის მიშვება მაშინვე გვაძლევს უარყოფით შედეგს“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

მისი თქმით, 2016 წელს ქულების სისტემისა და ჭკვიანი კამერების შემოღება საგზაო უსაფრთხოების ისტორიაში უდიდესი წარმატება, გარდატეხა იყო და 2017 წელს დაფიქსირდა ყველაზე კარგი სტატისტიკა, რაც შეიძლებოდა, ბოლო წლების განმავლობაში, 2011 წლის შემდეგ მიგვეღო, რადგან ხალხში მოლოდინი შეიქმნა, რომ ეს ძალიან ეფექტიანი იქნებოდა. მაგრამ ჭკვიანი კამერების დამონტაჟების პროცესი ცოტა ხნით გადაიდო და ქულების სისტემა იმდენად ეფექტიანი ვერ აღმოჩნდა, რადგან ამას პატრულის რესურსი ობიექტურად, ვეღარ ჰყოფნის.

„როდესაც ჩვენი მოქალაქე ხედავს, რომ კამერა დგას, მაგრამ არ მუშაობს, ან პატრული დგას და ამ ყველაფრის ადმინისტრირებას ვერ ახერხებს, ბუნებრივად ჩნდება დაუსჯელობის სინდრომის განცდა. როდესაც ქუჩაში ერთდროულად ხუთი დარღვევა ხდება, შეიძლება, პატრულმა ეს ხუთივე დარღვევა ერთდროულად ვერ აღასრულოს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ ჩავრთოთ თანამედროვე ტექნოლოგიები იქ, სადაც ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის და როგორ მოვახერხოთ, რომ კამერების მეშვეობით აღსრულება კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა გახდნენ მოქალაქეები კანონმორჩილები, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ამისთვის ცნობადობის კამპანიების წარმოებაა საჭირო, რაც ცნობადობას აამაღლებს.

წყარო: https://1tv.ge/news/eka-laliashvili-sagzao-usafrtkhoebis-kutkhit-unda-visaubrot-rogor-chavrtot-tanamedrove-teqnologiebi-iq-sadac-adamianuri-resursi-ar-hyofnis/