აქციას – “საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” თბილისი წელს მეორედ შეუერთდა. ამ დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ველორბოლა გამართა, რომელმაც სტარტი პეკინის ქუჩაზე აიღო. ​აქციას შეუერთდნენ, როგორც საჯარო, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

როგორც „სითი კვირას“ ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა განუცხადა, “საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და იგი მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში გარემოს ავტომობილების გამონაბოლქვისგან დაცვას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას. ​

ამ დღის მთავარი მოწოდებაა – მოქალაქეებმა ერთი დღით თავი შეიკავონ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდნენ ფეხით ან გამოიყენონ ალტერნატიული და ჯანსაღი ტრანსპორტი – ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან იარონ ფეხით.